- კოლექტიური უფლებები
- • მესამე თაობის უფლებების საფუძველს წარმოადგენს სოლიდარობის იდეა. და ეს უფლებები მოიცავს საზოგადოების ან ხალხის კოლექტიურ უფლებებს - როგორიცაა მდგრადი განვითარების, მშვიდობის, ან ჯანსაღი გარემოს უფლება. მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ისეთი პირობები როგორიცაა უკიდურესი სიღატაკე, ომი, ეკოლოგიური და ბუნებრივი კატასტროფები იწვევს მცირე პროგრესს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ამის გამო ბევრმა ადამიანმა გაიაზრა, რომ საჭიროა ადამიანის უფლებების ახალი კატეგორიის აღიარება: ეს უფლებები უზრუნველყოფდა სათანადო პირობებს საზოგადოებებისათვის, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, რათა დაეცვათ უკვე აღიარებული პირველი და მეორე თაობის უფლებები. სპეციფიკური უფლებები, რომლებიც ყველაზე ხშირად არის მოხსენიებული მესამე თაობის უფლებების კატეგორიაში არის განვითარების, მშვიდობის, ჯანსაღი გარემოს, კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობის გაზიარების, კომუნიკაციის, და ჰუმანიტარული დახმარების უფლება. თუმცა არსებობს დავა უფლებათა ამ ახალი კატეგორიის შესახებ. ზოგიერთი ექსპერტი ეწინააღმდეგება იდეას, რომ კოლექტიურ უფლებებს შეიძლება ეწოდოს „ადამიანის უფლებები”. ადამიანის უფლებებს განმარტების მიხედვით ფლობენ ინდივიდები, და ისინი განსაზღვრავენ ინდივიდუალური ინტერესების სფეროს, რომელსაც პრირიტეტი უნდა მიენიჭოს საზოგადოების ან სოციალური ჯგუფების ინტერესებთან შედარებით. ამისგან განსხვავებით კოლექტიური უფლებებს ფლობენ საზოგადოებები ან სულაც მთლიანად სახელმწიფოები. კამათი იმდენად შეეხება არა იმას, არსებობს თუ არა ეს უფლებები, არამედ უნდა იყოს თუ არა ისინი კვალიფიცირებული როგორც ადამიანის უფლებები. ეს კამათი სცილდება უბრალო ვერბალური დებატების ფარგლებს, რადგანაც ზოგიერთი შიშობს, რომ ასეთმა ტერმინოლოგიურმა ცვლილებამ შეიძლება „გამართლება” მოუძებნოს გარკვეულ რეპრესიულ რეჟიმებს, რომლებიც უარს ეუბნება ადამიანებს ინდივიდუალურ უფლებებზე კოლექტიური უფლებების სახელით. მაგ. სამოქალაქო უფლებების მკვეთრი შეკვეცა „ეკონომიკური განვითარების” უზრუნველყოფის მიზნით. არსებობს კიდევ ერთი შიში, რომელიც ხშირად გამოითქმება: რადგანაც მესამე თაობის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს არა სახელმწიფო არამედ საერთაშორისო საზოგადოებრიობა შეუძლებელია პასუხისმგებლობის გარანტირება. ვინ ან რამ უნდა აგოს პასუხი კავკასიაში ან პალესტინაში მშვიდობის არსებობაზე? მიუხედავად ამისა, რაც არ უნდა გადავწყვიტოთ დავარქვათ მათ არსებობს ზოგადი შეთანხმება, რომ ეს სფეროები მოითხოვს შემდგომ შესწავლას და ყურადღებას საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხრიდან. ზოგიერთი კოლექტიური უფლება უკვე აღიარებულია კონკრეტულად ადამიანის და ხალხის უფლებების აფრიკული ქარტიის მიერ. თავად ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მოიცავს თვითგამორკვევის უფლებას, განვითარების უფლება კი ჩამოყალიბებული იყო 1986 წლის გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაციაში.Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004• ადამიანის უფლებათა მესამე თაობა. ჩვეულებრივ, მათ „კოლექტიურ უფლებებს“ უწოდებენ და, როგორც ამ სფეროში ნებისმიერი პროცესი, ისე მათი აღირებაც ხშირად მწვავე დისკუსიის საგანი ხდება. ეს უფლებებია სუფთა და განადგურებისგან დაცულ გარემოში ცხოვრების უფლება და პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების უფლება. ამ საკითხებთან დაკავშირებით რეგულარულად იმართება სხვადასხვა კამპანია და მხოლოდ რამდენიმე მათგანია შეტანილი საერთაშორისო შეთანხმებებში. ჩვენს კონტინენტზე არსებული ვითარების გათვალისწინებით ევროპის საბჭომ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - 1994 წელს მიიღო ჩარჩო-კონვენცია ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით. კონვენცია არ აწესებს „კოლექტიურ უფლებებს“, მაგრამ ავალდებულებს სახელმწიფოს, მიიღოს ზომები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის თანასწორუფლებიანობის უზრუნველსაყოფად. სახელმწიფოებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს კონვენციას და მისი რატიფიცირება მოახდინეს, იკისრეს ვალდებულება, მისცენ ეროვნულ უმცირესობებს შესაძლებლობა, შეინარჩუნონ თავიანთი ეროვნული რაობის არსებითი ელემენტები, სახელდობრ, თავიანთი სარწმუნოება, ენა, ტრადიციები და კულტურული მემკვიდრეობა. ურთიერთობა საზოგადოებაში უმრავლესობასა და უმცირესობას შორის შეიძლება ძალზე რთული იყოს, მშვიდობიანი თანაარსებობისთვის ორივე მხარეს დიდძალი დიპლომატია და ტაქტი მართებს. მაგრამ ევროპაში ისეთ ადგილებსაც მრავლად შეხვდებით, სადაც ამგვარმა ურთიერთობამ ვერ მოიკიდა ფეხი.Source: ტეილორი მარკ ადამიანის უფლებები პოლიციის მოღვაწეობაში, სტრასბურგი, 2002 წლის მარტი : საინფ. ხასიათის ბროშურა - [თბ., 2004]
Georgian encyclopedia. 2013.